რელიგია
მუსლიმები ყურბან-ბაირამს ოთხი დღის მანძილზე დღესასწაულობენ
მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამს, იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 4 დღეს გრძელდება. წელს დღესასწაული 20 ივლისს დაიწყო. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. 

წმ. შუამავალ აბრაჰამს იმისათვის, რომ ღმერთისათვის აღთქმული მსხვერპლი, თავისი ვაჟიშვილი არ დაეკლა და არ შეეწირა მსხვერპლად, ალაჰმა ყოჩი მოუვლინა და აბრაამმა შვილის მაგივრად ზეციდან ღმერთის მიერ მოვლენილი ეს ყოჩი დაკლა. მას შემდეგ მსხვერპლშეწირვა ტრადიციად გადაიქცა და ამასთან ისლამის ხუთი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთი გახდა.

შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს „დეფექტი”, ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია.

ალალი შრომის შედეგად მოპოვებული ფულით ნაყიდი საქონელი, ცოდვების მოსანანიებლად იკვლება. ხორცი სამ ნაწილად იყოფა და მისი ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი ნაწილი ახლობლებს და მეზობლებს, ხოლო მესამე ნაწილი კი ღარიბ-ღატაკებს ურიგდებათ. 

მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად, მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი – რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

| Print |