რელიგია
არ უკადრებია ეს ჯალალედინს და აღა-მაჰმად-ხანს, რასაც ეს ბინძური ევროპა, მათი ელჩები, ამერიკის ელჩი და ეს 15 პარტია კადრულობს - მეუფე სპირიდონი
სხალთელი მთავარეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი დირექტორი, სპირიდონი (აბულაძე) 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს დასავლეთის მიერ წაქეზებულს უწოდებს და ამბობს, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ძალადობას, ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფაქტს, მეუფე სპირიდონი საღმრთო წესრიგის დამყარებით ამართლებს და სამომავლოდაც იმუქრება.

„წააქეზეს დასავლეთის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა ეს ეშმაკზე მიყიდული 15 პარტია, თავისი საელჩოებიანად და აგერ თქვენ იცით, რაც მოხდა (5 ივლისს) და მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო...

მურვან ყრუს არ უკადრებია ასეთი რაღაც, კაცო, რომლებმაც გაჟლიტეს ქართველები. არ უკადრებია ეს ჯალალედინს და აღა-მაჰმად-ხანს, რასაც ეს ბინძური ევროპა, მათი ელჩები, ამერიკის ელჩი და ეს 15 პარტია კადრულობს.

მერე ჩვენ გვაბრალებენ - თქვენ ხართ მოძალადეებიო. კიდევ კარგად გადარჩით თქვენ. არ იქნება თქვენი საშველი, სანამ არ გაიწმინდება ამ სიბინძურისგან საქართველო და თქვენც მიჰყვებით იმას, თუ ჭკუას არ მოუხმობთ. ეს არის რეალობა. ეს არის საღმრთო წესრიგი“,
- თქვა მეუფე სპირიდონმა კვირას, ქადაგებისას.

მისი ქადაგების შინაარსი ზუსტად იმეორებს მოძალადე ჯგუფების მიერ სხვადასხვა პლატფორმიდან გაჟღერებულ მესიჯებს.

ჯერ კიდევ 2015 წლის 14 ნოემბერს, მეუფე სპირიდონის ქადაგება სათაურით ,,ვის ატყუებთ თქვენ?" ლგბტ თემას ეხება.

საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, თუმცა მომხდარი მანაც იმთავითვე „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებს დააბრალა.

სასულიერო პირების ერთი ნაწილი ძალადობაზე საუბრისას ხაზგასმით აცხადებს, რომ ჟურნალისტები თავად ფსიქოლოგიური მოძალადეები არიან. ჟურნალისტების მიმართ ანტაგონისტური, აგრესიული რიტორიკა ისმის ხელისუფლების მხრიდანაც, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს ოპოზიციური პარტიების გეგმის ნაწილად განიხილავს.
| Print |