რელიგია
გუმბათის ჩამონგრევის გამო, ივლიტობის წირვა ეზოში ჩატარდება
ახალციხის წმ. შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ოთხშაბათს, 28 ივლისს, 9 საათზე, წირვას აღავლენს. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ჩატარდება.

ოთხშაბათს, სადღესასწაულო წირვა, ღია ცის ქვეშ ჩატარდება ივლიტაშიც, რომელსაც დეკანოზი იოანე გელაშვილი აღავლენს. 28 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს ზეიმობს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ახალციხეში, სოფელ ივლიტაში აღნიშნავენ. 
ტაძრის გუმბათის ჩამონგრევის შემდეგ, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც საზეიმო წირვა, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ნაცვლად, ეზოში ჩატარდება.

წმინდა ივლიტა ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმ.ივლიტა ახლობლებთან და შვილთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. მოგვიანებით იგი მმართველ ალექსანდრესთან დაიბარეს. ივლიტა სამსჯავროზე სამი წლის შვილთან ერთად წარსდგა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძნებით დედა-შვილი წამებით მოკლეს.




| Print |