რელიგია
სოფელ ივლიტის ტაძარში, ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღე ეზოში აღნიშნეს
28 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ახალციხეში, სოფელ ივლიტაში აღნიშნავენ. მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში შეიკრიბა. ტაძრის გუმბათი დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩამოინგრა და მას შემდეგ წირვა - ლოცვა აღარ ტარდება. სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა იოანე გელაშვილმა ტაძრის ეზოში ჩაატარა. 

აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. წვიმის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში წყალი ჩადის და ზიანდება კედლები.
წმინდა ივლიტა ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმ.ივლიტა ახლობლებთან და შვილთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. მოგვიანებით იგი მმართველ ალექსანდრესთან დაიბარეს. ივლიტა სამსჯავროზე სამი წლის შვილთან ერთად წარსდგა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძნებით დედა-შვილი წამებით მოკლეს.

| Print |