რელიგია
რაბათში, მართლმადიდებლები ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ
30 ივლისს მართმადიდებლური სამყარო წმინდა მარინეს ხსენების დღეს  ზეიმობს. ახალციხელი მორწმუნეები დღესასწაულს განსაკუთრებულად რაბათში წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ. 

,,ტაძარი წმინდა ქალწულმოწამე მარინეს სახელობისაა, რის გამოც ამ დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. წმ.მარინე მე–4 საუკუნეში მოღვაწეობდა, ის სასტიკად მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ქრისტიანი იყო. წამების მიუხედავად ქალწული არ გატყდა. ბოლოს მმართველმა გაკოჭილი მარინეს დახრჩობა წყლით სავსე კოდში ბრძანა. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს მისთვის ნათლისღებად შეერაცხა. უფალმა მისი ლოცვა შეისიმინა და მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. გააფთრებულმა მმართველმა წმინდა მარინეს თავის მოკვეთა ბრძანა" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.
| Print |