მართლმადიდებელმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა. ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მეუფე თეოდორემ, ტაძრის წინამძღვართან ერთად შეასრულა.
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაული აღნიშნა. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა–ლოცვა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასასრულს მეუფე თეოდორემ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს საშუალება, აქ, ამ ტაძარში აღვავლინოთ წირვა და მივიღოთ სულიწმიდის მადლი, რომელიც უხვად გარდამოედინება თითოეულ ჩვენთაგანზე“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგებისას. მან მრევლს ეპარქიაში პატრიარქის განსაკუთრებულად დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა.
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ადგილობრივმა მრევლმა დღესასწაული მეექვსედ იზეიმა. ექვსი წლის წინ ეკლესია ამაღლების დღესასწაულზე მეუფე თეოდორემ აკურთხა. მას შემდეგ, ყოველ ამაღლებას, საზეიმო წირვა–ლოცვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი, ტაძრის წინამძღვარსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს. მორწმუნეები აღნიშნავენ, რომ დღესასწაული მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამაღლების სახელობის ტაძარს მიტროპოლიტი ამ დღეს ყოველწლიურად სტუმრობს.
წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.
მაცხოვრის ამაღლება მოძრავი დღესასწაულია. მართლმადიდებელი ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს.
|