რელიგია
მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა
62 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი). მეუფე სერგიმ ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა და კლინიკაში კოვიდ19-ით დაინფიცირდა. მეუფე სერგი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სინოდის წევრი დღეს, 19 სექტემბერს, გარდაიცვალა.

"ახალციხელობა 2019"-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქედ ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი დაასახელა. გამარჯვებულები 6 დასახელებული კანდიდატიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.კომისია ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

ნეკრესელი მიტროპოლიტის სახელს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთში სასულიერო ცხოვრების აღორძინება. 
მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში – ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი 1959 წლის 13 აპრილს, ქ. რუსთავში დაიბადა.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ცნობით, 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. როგორც თვითონ აღნიშნავს: ,,ერთი მორწმუნე მეზობელ ქალ მარიასთან დავინახე ბიბლია. მანამდე არ ვიცოდი როგორი იყო, ავიღე, გადავშალე და პირდაპირ ეს სიტყვები ამოვიკითხე: “ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ”… მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი… რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს.” (67, 2009, 3, 14).

1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად. როგორც მეუფე სერგი იხსენებს:

,,პირველად რომ ჩავედი საფარაში, ღუმელის დანთებაც არ ვიცოდი. 25 დეკემბერს ჩავედით. ვაჟა ძია იყო ყარაული, ის გვეხმაურებოდა. პირველი წირვა შობას ჩავატარეთ. იმ თოვლში დაახლოებით 50 კაცი ამოვიდა ფეხით. ძალიან დიდი სიხარული გვქონდა.” (67, 2009, 3, 15).

მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. 25 დეკემბერს, კვირას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. არქიმანდრიტმა სერგიმ ასე დაიწყო თავისი სიტყვა:

,,დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი წმიდა ლოცვებით გამომირჩია და სამცხე-ჯავახეთის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრად დამადგინა. მე კარგად მესმის, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ვიწოდებოდე მღვდელ¬მთავრად იმ მხარისა, რომლის სახელიც ასე განაბრწყინეს იქ მოღვაწე წმინდა მამებმა;

მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ღვთის, ერის და პირადად, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინაშე მაკისრია, მაგრამ ისევ და ისევ იმედი მაქვს ღვთის სახიერებისა, თქვენი წმიდა ლოცვებისა და ჩემი ხალხისა, რომელიც ისევე როგორც საფარის მონასტერში მოღვაწეობისას, ახლაც გვერდით ამომიდგება და მძიმე ტვირთის ტარებაში შემეშველება.

თქვენი მამობრივი მზრუნველობით გარემოცული, მე ისეთი სიხარულით მივდივარ ახალციხეში, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგანაც მჯერა, რომ ქრისტიანობის უდიდესი ძალა სწორედ იმ სიყვარულშია, რომლითაც იგი ადამიანებს ღვთისა და ერთმანეთის სამსახურისათვის აერთიანებს.”
(61, 1992, 12).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა მეუფე სერგი.

,,თავისუფლების პროცესი ყოველი ადამიანის განთავისუფლებით უნდა დაიწყოს. დღეს კი თავისუფლება აქვს ყველას და ყველაფერი შეუძლია: ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. დღეს ქართველისათვის აღარაფერი დარჩა წმიდა და ხელშეუხებელი. იგი შეურაცხყოფს მღვდლებს, პატრიარქს და ეკლესიასაც კი. ეს ეშმაკის ტყვეობას ნიშნავს. თავისუფალი ისაა, ვინც ამ ბოროტ ძალას თავს დააღწევს და თავის გულსა და ვნებებს დაეპატრონება. ადამიანს ნამდვილად სჭირდება ვნებათა მომთოკავი სულიერი ძალა, სჭირდება მადლი ღვთისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. 

თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თქვენი ეპარქიის ყველა სოფელსა და ყველა ოჯახზე; უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებს, ვის რა უჭირს, ვინაა დაცემული და გზასაცდენილი. მე იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფელში ამოქმედდება ეკლესია, კვლავ გაბრწყინდებიან ვარძიის, ზედა ვარძიისა და საფარისა და სხვა მონასტრები ბერ-მონაზონთა თავდადებული მოღვაწეობით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გეწეოდეთ წმიდათა მართალთა მამათა, რომელთა მოსახსენებელიცაა დღეს, და დიდთა წინაპართა ლოცვა. ამინ.”
(61, 1992, 12).

1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. 

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.
| Print |