ასპინძის მუნიციპალიტეტში უძველესი სამონასტრო კომპლექსის – შორეთის რეაბილიტაცია ივნისის თვეში დაიწყება. ეს განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა. ინფორმაციის თანახმად, ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
შორეთის ტაძარი, რომელიც წინარე ქრისტიანულ ხანაშია აგებული, დღეს ასე გამოიყურება. ისტორიული ძეგლი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სამცხე–ჯავახეთის მხარისათვის შორეთის ეკლესია ერთ–ერთ მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. ისტორიკოსების თქმით, წლების განმავლობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, შორეთი ქრისტიანული რელიგიის საყრდენად ითვლებოდა. მოსახლეოება აქ სულიერ საზრდოსთან ერთად განათლებასაც იღებდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, კომპლექსში ფუნქციონირებდა სკოლა, სადაც გამოჩენილ მოღვაწეებზე წიგნებს წერდნენ და თარგმნიდნენ. რეზო ანდღულაძის თქმით, ტაძარში მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები იყო წარმოდენლილი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოირეცხა და განადგურდა.
ისტორიკოსების განმარტებით, შორეთის ტაძარს ყველაზე დიდი ზიანი, შუა საუკუნეების პერიოდში, მიწისძვრამ მიაყენა. ეკლესია ფაქტიურად დაინგრა ,თუმცა, იმ დროინდელმა მმართველებმა ძეგლის აღდგენა გადაწყვიტეს და სწორედ ამის გამოა, რომ დღესდღეობით ძეგლი რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში მდებარე შორეთის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. განცახდების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ამიტომ ტაძრის სარეაბილიტაციო–საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და ძეგლზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში ივნისის თვეში დაიწყება და 3 წელი გაგრძელდება.
შორეთის სამონასტრო კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ძეგლის სამი სართულისგან შედგება, სადაც რამდენიმე ეკლესიაა გაერთიანებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საძვალეც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მონასტერს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატსი მიანიჭა, ამიტომ სააგენტოში აცხადებენ, მისი შენარჩუნება აუცილებლად უნდა მოხდეს. ტაძრის აგების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიკოსების მოსაზრებით, ძეგლის მშენებლობა წინარე ქრისტიანული ხანიდან იწყება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კომპლექსი მეოთხე საუკუნეშია აგებული, თუმცა არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ტერიტორიაზე, როგორც მეოთხე, ასევე მერვე, მეცხრე, მეთორმეტე და მეთოთხმეტე საუკუნის მშენებლობის კვალია აღმოჩენილი.
|