სერგეი ფიდანიანის ფოტო
სრულიად საქართველო კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება. პატრიარქს 11 მაისს 14:00 საათზე ეპარქიის დასაწყისში, სლესის ციხესთან სამღვდელოება და მოსახლეობა დახვდებიან. მრევლი გზაზე შეგებებას გეგმავს მიმდებარე სოფლებიდანაც.
ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში პირველად ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრება. შემდეგ კი საეპარქიო რეზიდენციაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თედორე უმასპინძლებს.
12 მაისს, 11:30 საათიდან პატრიარქი ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების მოსალოცად ადიგენში გაემგზავრება. ილია მეორე მოინახულებს არლის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და დაათვალიერებს ეპარქიათან არსებული შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას.
იგი ასევე 13:00 საათიდან მოილოცავს უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს, სადაც შესრულდება წმინდა ანდრია პირველწოდებულის პარაკლისი.
ადიგენში ილია მეორეს შეხვდებიან ადგილობრივი მთავრობიის წევრები და მრევლი. გაიმართება სადილი.
17:30 საათზე უწმიდესი უდის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს მოინახულებს.
18:00 საათზე კი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტეში გაემგზავრება, რის შემდეგაც პატრიარქი კვლავ რეზიდენციაში დაბრუნდება.
13 მაისს 12:00 საათზე უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავს, სადაც ასევე შესრულდება პარაკლისი.
აქვე გაიმართება სადილი მთავრობის წარმომადგენლებისა და მრევლის მონაწილეობით, რის შემდეგაც პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას დატოვებს.
|