რელიგია
13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.
ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართა.

| Print |