სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 1915 წელს დაღუპული ადამიანები წმინდანებად შერაცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ჯერ-წირვა ლოცვა აღევლინა, შემდეგ კი მრევლმა ქალაქში მსვლელობა მოაწყო და ხაჩქარზე ფეხით ავიდა, ქვის ჯვართან შეკრებილებმა გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი გადაიხადეს.
ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში წირვა-ლოცვა ექვს საათზე დაიწყო. ტაძრებში სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორის მეშვეობით, სრულიად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქმა ეჩმიაძინის წმინდა ტაძრიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მრევლს მიმართა და 100 წლის წინანდელი სომეხთა გენოციდი გაიხსენა. დაღუპულ ადამიანთა წმინდანად შერაცხვის ცერემონია მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ერთდროულად შედგა.
ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახლეობის ტაძარიდან ხაჩქარის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა, სანთლებით და ეროვნული სიმბოლიკით, საღამოს რვა საათზე მოეწყო. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა აბის დასახლებასთან „ხაჩქართან“ ანუ ქვის ჯვართან შეიკრიბა და გენოციდის მსხვერპლთათვის პანაშვიდი გადაიხადეს. ისინი აღნიშნულ რიტუალს ყოველწლიურად ასრულებენ. ახალციხის გრიგოლ განმანათლების სახელობის ეკელსიაში წირვა სომეხთა გენოციდის დღეს, 24 აპრილსაც აღევლინება, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინეპოლში სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. დაკავებულთა სიაში სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები მოხვდნენ; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. სომხური მოსახლეობის განადგურება 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელს მსოფლიოში გაიფანტა.
|