რელიგია
მეუფე თეოდორემ კახეთში, მეუფე დიმიტრის პანაშვიდი გადაუხადა
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს დიმიტრი კაპანაძეს, დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა. ეპარქიაში ჩავიდნენ სინოდის სხვა წევრებიც. მეუფე დიმიტრის ხუთშაბათს 27 იანვარს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი 46 წლის ასაკში კოვიდგართულებით გარდაიცვალა. იგი ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, საიდანაც მისი ცხედარი დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

წმინდა სინოდის წევრი ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველიც იყო, რადგან მეუფე სერგი ჩეკურიშვილი 5 თვის წინ კორონავირუსმა იმსხვერპლა.

მეუფე დიმიტრი კაპანაძე დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიაში 2015 წლიდან მიავლინეს. მანამდე ის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი იყო. უფრო ადრე იგი ადიგენში, ჭულეს მონასტერს წინამძღვრობდა.

| Print |