რელიგია
მეუფე დიმიტრი დედოფლისწყაროს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს
ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დღეს, 27 იანვარს  დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მანამდე ეპისკოპოსს მრევლი გამოემშვიდობა. პანაშვიდი წმინდა სინოდის რვა წევრმა გადაუხადა. დაკრძალვას აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანებიც. 

ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსი 46 წლის ასაკში კოვიდგართულებით 23 იანვარს გარდაიცვალა. იგი ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

წმინდა სინოდის წევრი ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი იყო, რადგან მეუფე სერგი ჩეკურიშვილი 5 თვის წინ კორონავირუსმა იმსხვერპლა.

მეუფე დიმიტრი კაპანაძე დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიაში 2015 წლიდან მიავლინეს. მანამდე ის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი იყო. უფრო ადრე იგი ადიგენში, ჭულეს მამათა მონასტერს წინამძღვრობდა.

| Print |