რელიგია
მიტროპოლიტი თეოდორე კიდევ ორი ეპარქიის მმართველობას შეითავსებს
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიების მმართველობას შეითავსებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, როცა ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე გარდაიცვალა, ორი ეპარქია კი წინამძღვრის გარეშე დარჩა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ორივე ეპარქიას, დროებით, ქორეპისკოპოსი თეოდორე უხელმძღვანელებს.

ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე 46 წლის ასაკში კოვიდგართულებით 23 იანვარს გარდაიცვალა. იგი ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. წმინდა სინოდის წევრი ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი იყო, რადგან მეუფე სერგი ჩეკურიშვილი 5 თვის წინ კორონავირუსმა იმსხვერპლა.

დიმიტრი კაპანაძე წლების წინ ადიგენში, ჭულეს მამათა მონასტერს 2013 წლამდე წინამძღვრობდა.

მეუფე სერგი 1988 წლიდან 1996 წლამდე სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში მოღვაწეობდა. 1988 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად, ხოლო 1992 წლიდან სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. მეუფე სერგი ასევე ხელმძღვანელობდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიას, 1996 წელს კი აყვანილი იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
| Print |