მართლმადიდებლურმა სამყარომ დიდ ხუთშაბათი აღნიშნა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ვნების კვირის ხუთშაბათი აღნიშნა. ახალციხის, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, საზეიმო წირვა, დილის 10:00 საათზე დაიწყო. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად შეასრულა. მეუფე თეოდორემ წირვის დასასრულს მრევლს მიმართა და მათ დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მიტროპოლიტის განმარტებით, დღესასწაულზე, ყველა მორწმუნემ წმინდა ზიარება უნდა მიიღოს და უფლის აღდგომას განწმენდილი სულით შეხვდეს.
სადღესასწაულო ლიტურგიაზე, მღვდელმსახურებმა, მორწმუნეებთან ერთად იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთ ბანვა, საიდუმლო სერობა, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვა, იუდას მიერ მისი გაცემა გაიხსენეს და შესაბამისი რიტუალი აღასრულეს.
დიდი ხუთშაბათის საღამოს, დიდი პარასკევის ცისკარი შესრულდა, რა დროსაც “თორმეტი სახარება” ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იქნა წაკითხული. ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, მორწმუნეთათვის ზეთით ხსნილია. დღესასწაული იმითაცაა გამორჩეული, რომ მთელი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი დღეა როდესაც, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევაა შესაძლებელი.
|