მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს ყოვლადწმინდა ხარების დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. საზეიმო წირვა–ლოცვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
მეუფე თეოდორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და მოსახლეობას
მარხვებში ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. წელს მისი აღნიშვნა
ვნების შვიდეულის სამშაბათს დაემთხვა. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან
ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და
ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ
მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სრულიად
კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით, დიდმარხვა დღეს მორწმუნეებისთვის
ზეთით, ხიზილალით და ზღვის პროდუქტებით ხსნილია. დიდმარხვა წელს 23
თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულზე დასრულდება.
|