მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 5 აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, ბზობის დღესასწაული აღნიშნა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. მორწმუნეები ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას აღნიშნავენ.
იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია. რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის ბზის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!”
ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
შემდეგი ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული
აღინიშნება.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს უფლის აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
|