დღეს კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. ახალციხის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა.
კათოლიკურმა სამყარომ იერუსალიმში, უფლის დიდებით შებრძანება იზეიმა. ახალციხეში, დღესასწაულზე ეკლესიის მღვდელმსახურებმა ტაძრის ეზოში სიმბოლურად, ბზა და ზეთისხილის რტოები აკურთხეს და მრევლს დაურიგეს. შემდეგ კი მორწმუნეებმა გალობითა და ლოცვით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მამა ტომაშ ვრონცკის განმარტებით, არსებობდა წინასწარმეტყველება ზაქარიასი, რომ მხსნელი დიდებით მოვიდოდა იერუსალიმში: ”ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კვიცსა ვირისასა“! ეს წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც იესო იერუსალიმში შებრძანდა.
ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული კათოლიკურ სამყაროსთან ერთად დღესვე, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც იზეიმა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში, ბზის ტოტები ეკურთხა და მრევლს დაურიგდა. ქადაგების დროს ტაძრის მღდელმსახურებმა აღნიშნეს, რომ ბზის რტოების სახლში წაღებით თითოეული მორწმუნის ოჯახში მაცხოვარი შებრძანდება.
ბზობა, ანუ ბაიაობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა, რომელიც საწყისს ძველი ებრაული დღესასწაულიდან იღებს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მიხედვით, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იერუსალიმში იესო ქრისტეს შებრძანების ამბავი.
სახარების მიხედვით მაცხოვარს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოს, ზოგი კი პალმის ტოტებს– ბაიას უფენდა და ოსანას შესძახოდა.
ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს და ამიტომ მღვდელმასხურნი მლოცველების მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხხებენ და „ოსანას“ გალობენ. მრავალ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა და ტირიფი ასრულებს.
|