რელიგია
“გვიშველეთ” – უკრაინის ეკლესიიდან მსოფლიო პატრიარქს მიმართავენ
უკრაინის რუსული ეკლესიის მორწმუნეთა და სასულიერო პირთა საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წერილი გამოჩნდა, სადაც ისინი მხარდაჭერისა და რჩევისთვის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს მიმართავენ.

“ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ყველასთვის მისაღები კომპრომისი, შესაძლოა გარდამავალი ვარიანტი, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [რუსული ეკლესია] ყველა სასულიერო პირი ახლა არ არის მზად უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდეს. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ მათ მრევლს არ ესმის ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის სირთულეები, ზოგი კი ჯერ კიდევ კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ისინი ცრურწმენით არიან განწყობილნი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ” – აღნიშნეს უკრაინის რუსული ეკლესიის სასულიერო პირებმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აქვე პატრიარქს დახმარებას სთხოვენ: “მხარდაჭერისა და რჩევისთვის მოგმართავთ. ვიმედოვნებთ, რომ საყოველთაო მართლმადიდებლობის დახმარებით შევძლებთ უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული კონფლიქტების დაძლევას.

ვიმედოვნებთ თქვენ გამოიჩენთ მთავარმწყემსმთავრულ სიბრძნისა და მხარდაჭერას”
– აღნიშნულია უკრაინის რუსული ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა მიმართვაში.

იხილეთ მიმართვის სრული ტექსტი:

“ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ!

ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, ჩვენი სახელით და ჩვენი მრევლი ტკივილითა და მწუხარებით მივმართავთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას დახმარებისთვის.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. 50 დღეზე მეტია, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსი სამხედროები ანადგურებენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს და ყოველდღიურ საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს არა სამხედრო ობიექტებზე, არამედ სახლებზე, ეკლესიებზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, საავადმყოფოებზე, მათ შორის სამშობიარო სახლებზე. უკრაინაში ათიათასობით დაღუპული და დასახიჩრებული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ასობით ბავშვი. რუსი სამხედროების ქმედებები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ხალხის გენოციდზე მოწმობს. მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნიგივში, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და სოფლებში გაუგონარი სამხედრო დანაშაულები ჩვენს სამშობლოში მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ მომხდარა. ჩვენი თანამემამულეების განადგურების მტკიცებულებებმა უკვე შოკში ჩააგდეს მთელი მსოფლიო და გამოიწვია აღშფოთება და სიმპათია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

მწუხარების ამ საშინელ დღეებში ჩვენ ასევე გაოგნებული ვიყავით მოსკოვის პატრიარქის კირილის პოზიციით, რომელიც აგრძელებს უკრაინას თავის კანონიკურ ტერიტორიად მიჩნევას. ის არათუ არ ეწინააღმდეგებოდა ომს, არამედ საჯაროდ უჭერდა მხარს რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში. მაგალითად, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე (2022 წლის 13 მარტი) ღვთისმსახურების დროს მან რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მთავარსარდალს ღვთისმშობლის ოქროს ხატი გადასცა, როგორც კურთხევა ამ სამხედრო თანამშრომლებისთვის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში. პატრიარქი კირილი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აგრესიული ტერორისტული ქმედებების საჯარო მხარდაჭერას. პუტინი უკვე აღიარებულია სამხედრო დამნაშავედ. პატრიარქი კირილი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა უმეტესობა კვლავაც ავრცელებენ მორწმუნეებს შორის რუსეთის ფედერაციის ომის გამართლების ეთნოფილეტურ, ფსევდოთეოლოგიურ იდეოლოგიას, რომელიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც პირდაპირ უწყობს ხელს მის გაგრძელებას.

ჩვენ ღიად და სრულად ვგმობთ რუსეთის უღმერთო სამხედრო აგრესიას ჩვენი სამშობლოს, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს ჩვენს მრავალტანჯულ თანამემამულეებს და კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსი აგრესორის წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

ამასთან დაკავშირებით, დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [რუსული ეკლესია] ათასობით სასულიერო პირი და მრევლი მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში [რუსული ეკლესია] ცვლილებები შეგნებულად ნელდება და არ ხდება. ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და მრევლი ექვემდებარებიან ზეწოლას ეკლესიის წინამძღოლების მხრიდან, რომლებიც იცავენ პატრიარქ კირილეს ინტერესებს და ხდება ეკლესიის რეპრესიები. ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა კანონიკური გზა უნდა გავიაროთ უკრაინის ერთიან ადგილობრივ ეკლესიაში გაერთიანებისთვის.

ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი, შესაძლოა, გარდამავალი, ყველასთვის მისაღები, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირი ახლა არ არის მზად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას [უკრაინის ავტოკეფალური ეკელსია] შეუერთდეს. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ მათ მრევლს არ ესმის ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის სირთულეები, ზოგი კი ჯერ კიდევ კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ისინი ცრურწმენით არიან განწყობილნი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია] მიმართ.

მხარდაჭერისა და რჩევისთვის მოგმართავთ. ვიმედოვნებთ, რომ საყოველთაო მართლმადიდებლობის დახმარებით შევძლებთ უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული კონფლიქტების დაძლევას.
ვიმედოვნებთ თქვენ გამოიჩენთ მთავარმწყემსმთავრულ სიბრძნისა და მხარდაჭერას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება”.
| Print |