რელიგია
კიევის მიტროპოლიტი რუსეთის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებას ითხოვს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ, რომლის კანონიკურობა მსოფლიო პატრიარქმა აღიარა, კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს, ასევე ადგილობრივი ეკლესიის ლიდერებს მიმართავს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საპატრიარქო ტახტიდან გადააყენონ, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც ეპიფანემ ქადაგებაში აღნიშნა, „მოსკოვი ბოროტი დედინაცვალია, ის მონათმფლობელია, სისხლიანი ქალბატონია, რომელიც სიამოვნებისთვის აწამებს ყმებს“.

„ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც შეფუთულია კირილ გუნდიაევის ფაშისტური, სულისდამღუპველი ქადაგებით. საბჭოში ამ იდეოლოგიის შესახებ ვიმსჯელეთ, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიერ უკვე ვრცელდება როგორც ეთნოფილეტიზმის ერეტიკული სწავლება, ანუ ეკლესიის დაყოფა ეროვნული ნიშნით, რომელიც ყველაფერს აჭარბებს. „რუსული სულის“ გამო, კირილი მზად არის, განუდგეს სულიწმიდას და დაგმოს კიდეც ის, მადლის უარყოფით, პოლიტიკური მიზნებით, ევქარიუსტიული კავშირის გაწყვეტით. ჩვენ თავად ვგმობთ ამას და მივმართავთ მსოფლიო პატრიარქს, ასევე ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიებს და მათ მეთაურებს თხოვნით, დაგმონ კირილის სულიერი დანაშაულები და ჩამოართვან მას ტახტი. მოვუწოდებთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, დიალოგისა და გაერთიანებისკენ. კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რამდენი ტაძარი დაინგრეს, რამდენი სიცრუე უნდა წარმოითქვას მათი „პატრონისა და მამის“ კირილის პირით, რათა გავიგოთ: მოსკოვი ბოროტი დედინაცვალია, ის მონათმფლობელია, სისხლიანი ქალბატონია, რომელიც სიამოვნებისთვის აწამებს ყმებს“, - განაცხადა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ, რომლის ვრცელი განცხადება უკრაინის ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
| Print |