რელიგია
დღეს სულთმოფენობაა - ეკლესიის დაარსების დღე
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ. ყვავილები და ფოთლები მომდევნო შაბათამდე ეკლესიაში რჩება, შემდეგ კი მორწმუნეებს შინ მიაქვთ, რადგან ამ ყვავილებს სამკურნალო ძალა აქვს.
ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის; ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. ღვთისმსახურების შემდეგ სპეციალური, სულიწმინდის მოწვევის ლოცვა იკითხება. სულთმოფენობის დღესასწაულს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.
იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

| Print |