რელიგია
უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 26 ივნისს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული მასშტაბურად სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღინიშნება, სადაც საზეიმო წირვა აღევლინება. 
ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, სოფელ უდეში "წმიდა ანთიმოზ ივერიელის რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების" ინიციატივით, უკვე მე-17 წელია აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, იგი სოფელ უდიდან იყო და თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაიტაცეს. ინფორმაცია, რომ ანთიმოზ ივერიელი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება.

საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. მისი ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც.

იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.

საღმრთო ლიტურგიას რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად, "ანთიმოზობა" რაგბის კავშირის თავმჯდომარემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იზეიმა. დღესვე სტუმრებმა, სოფელ უდეში, ძიუდოს სპორტდარბაზი მოინახულეს და სპორტსმენებს შეხვდნენ. ადგილობრივმა ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა კი ძიუდოისტებს ფორმები, ხოლო ბათუმში, ძიუდოს ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადასცა.
დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება. ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.
| Print |
თეგები: ანთიმოზობა / უდე /