რელიგია
ქართველი მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
დღეს, 9 ივლისს, მუსლიმები ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) აღნიშნავენ. მორწმუნეები ლოცვას ყველა მოქმედ მეჩეთში მზის ამოსვლამდე კითხულობენ. დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება და ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი. 

ზეიმის დროს მუსლიმები ასრულებენ სრულ განბანვას და იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს. ამ დროს მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. მუსლიმები ამზადებენ საზეიმო სუფრას, უმასპინძლდებიან ახლობლებს, სტუმრობენ ნათესავებს, მოინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს და სხვ.

იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის - ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.
| Print |