რელიგია
ეკლესია ვერასდროს შეეგუება "ფერად-ფერად" ცხოვრებას - მეუფე სტეფანე
მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი, კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მან ქადაგებაში ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩზეც და აღნიშნა, რომ ელჩი ქვეყნის სასამართლოში ერევა.

„დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია ახლა. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომლითაც, ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში ყველა მონაწილეობს, ის, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არ არის განხილვაში. თვითონვე განიხილავენ, მერე რაღაცებს კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთო. იმ პუნქტებში არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით რაღაცების მოწესრიგება. ეს რას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით და ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურების მხრიდან. თითქოს სუვერენიტეტის გამო ამბოხებაა რამდენიმე ადამიანის, რატომ გვეუბნება ელჩი ასე, ან რატომ ერევა ელჩი სასამართლოში და სხვა რაღაცებში. ერთი მხარე მართალია, მაგრამ ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალხმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვინმე იბრძვით. ამ დროს, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ყურმოჭრილი მონა, რასაც გვეტყვიან იმას შევასრულებთ და ეს 12 პუნქტი ყველასთვის არის ყველაფერი, ანუ ღმერთიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს 12 პუნქტი უზენაესი ღირებულებებია, ამის იქით ჩვენი არსებობა შეუძლებელია და საქართველო დაიღუპება. აი, ასეთი აზრი მოდის“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისი თქმით, დღეს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა „გეი პარადები“ და ფერად-ფერადი ცხოვრება. როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 12 პუნქტში.

„იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული, ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
| Print |