რელიგია
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ხუთ სასულიერო პირს იხსენიებს
დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ 5 სასულიერო პირს იხსენიებს. 56 წლის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, 56 წლის მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, 59 წლის მღვდელი იეროთეოზ ნიკოლაძე, 53 წლის დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე და 60 წლის მღვდელი სიმონ მჭედლიძე 1924 წელს, საფიჩხიის ტყეში, ბოლშევიკებმა ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს და ჯერ კიდევ ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბერების მიერ გელათის მონასტრის განძის გაყიდვის ფაქტის შემდეგ, ეკლესიებიდან ეროვნული საგანძურის გატანის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტში იყო ჩართული.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, პატრიარქმა ლეონიდემ უარი განაცხადა თბილისის სიონისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე. საგანძურის დასავლეთ საქართველოში დამარხვა მიტროპოლიტ ნაზარს დაევალა. ნაზარმა განძეულობა ქუთაისში გახიზნა და ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში დამარხა. ბოლშევიკებმა განძს ერთ-ერთი სასულიერო პირის მითითებით მიაგნეს, ნაზარი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეეცვალა.

1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლებული ნაზარი სამწყსოს დაუბრუნდა, მაგრამ იგი 2 აგვისტოს ისევ დააპატიმრეს. რამდენიმე კვირიანი დაკითხვისა და წამების შემდეგ, 1-ელ სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს. ამბობდნენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდა და ინძრეოდაო.

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხუთივე სასულიერო პირი წმინდანად შერაცხა.
| Print |