კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა.
კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება. ზეიმის ცენტრად ქრისტეს შობის სახელობის ეკლესია ითვლება. ახალციხელმა მრევლმა დღესასწაული, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ისინი უფლის დაბადებას ღამისთევით შეხვდნენ.
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში, პატარებმა მრევლს საშობაო სცენა წარმოუდგინეს. მათ კომპოზიციურად ქრისტეს შობა გაუცოცხლეს და საგალობლებით უფლის დაბადება აუწყეს. საზეიმო წირვა კი მამა ფილიპემ და მამა ტომაშმა აღავლინეს. მათ ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართეს და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „გავხსნათ გულები და უფალი ჩვენში შემოვუშვათ“–ასე მოუწოდა მორწმუნეებს რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა.
კათოლიკე მრევლი შობისთვის ოთხი კვირით ადრე ემზადება, მარხვას იწყებს და მას ადვენტის პერიოდი ჰქვია. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მორწმუნეები სულიერად ემზებიან, რათა მათ გულებში მაცხოვარმა ბინა დაიდოს. შეგახსენებთ, რომ საშობაო ტრადიციებს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა, რომელიც შემდეგ მთელს კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს.