რელიგია
უფლის ერთგული დედანი - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მენელსაცხებლე დედებს იხსენებს
დღევანდელი დღე დედაკაცური გულის ზეიმია... რითი განსხვავდება დედაკაცის გული მამაკაცისაგან? გული მამაკაცისა ხშირად უხეშია, გაქვავებული და სასტიკიც კი... ხოლო დედაკაცის გული თბილია და სიყვარულით აღვსილი... დედათა გული შეიცნობს ყოველივე ამაღლებულს, იდუმალს, წმიდას ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კაცის უხეში გული... უწყოდა უფალმა გულისაჲ კაცთა და გულისაჲ ქალთა... მან იცოდა, რომ მოციქულები ძნელად ირწმუნებდნენ მის მკვდრეთით აღდგომას, ხოლო მენელსაცხებლენი ადვილად და სწრაფად... ამისთვისაც ეჩვენა მათ უწინარეს მოციქულთა...

უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები... პატივი, რომელსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.

უფლის ერთგული დედანი ჯვარცმისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრის წინაშე და ტირილით შესცქეროდნენ იესოს. ისინი არ შეუშინდნენ სინედრიონის რისხვას და ბრბოს დაუნდობლობას, არ დამალულან, არ მიუტოვებიათ განსაცდელის ჟამს თავიანთი მოძღვარი. უფლის სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალას მათ გულში ადამიანის უდიდესი სისუსტე - შიში დაემარცხებინა.

ქალებმა ბოლომდე უერთგულეს მაცხოვარს. როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს და მხოლოს მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.

დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის და ებრაული ჩვეულებისამებრ ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისათვის. და აი, როდესაც შაბათი მიიწურა, შვიდეულის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, წავიდნენ იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. ღვთისმოსავ დედებს მარიან მაგდალინელი მიუძღვოდა წინ. ქალები არად დაგიდევდნენ საფრთხეს, მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებული იყო, საფლავი კი - ცარიელი. სასწაული უკვე აღსრულებულიყო.

ცარიელი სამარხის ხილვამ შეაკრთო დედანი. იფიქრეს, რომ იესოს სხეული ვიღაცამ გადამალა. მარიამ მაგდალინელი სირბილით გაბრუნდა იერუსალიმში და ქრისტეს მოწაფეებს შეატყობინა ეს ამბავი. „აღიღეს უფალი საფლავისაგან და არა უწყი, სად დადვეს იგი“ (იოანე 29, 4), - შესჩივლა მან მოციქულებს. პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა სამარხთან, ხოლო მათი წასვლის შემდეგ მარტო შევიდა შიგნით. და იხილა „ორნი ანგელოსნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფეხთით, სადა იდვა გუამი უფლისა იესოსი“ (იოანე 29, 12). „დედაკაცო, რაისა სტირ? - ჰკითხეს მათ. „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (იოანე 29, 13) - მიუგო მარიამმა. უეცრად იგრძნო, რომ მის უკან ვიღაც იდგა და შემობრუნდა. პირველად მან ვერ იცნო ქრისტე, მებაღე ეგონა და შეევედრა: „უფალო, უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“ (იოანე 19, 15). „მარიამ“, - მიმართა მას იესომ. მაგდალინელისთვის ყველაფერი ცხადი გახდა. „მოძღვარო...“ - ამოიკვნესა მან და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ფერხთით დაემხო.

ასე გამოეცხადა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი პირველად მარიამ მაგდალინელს. მარიამისგანვე შეიტყვეს მოციქულებმა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი. 

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. წმიდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კეთილმსახური მეფის თამარის (+1213) ხსენებაც აღნიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.

მომზადებულია orthodoxy.ge - ს მიხედვით
| Print |