რელიგია
დაუსჯელობის კლიმატი წარმოშობს განგრძობადი ძალადობის ახალ ინციდენტებს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადიგენის მოვლენებზე
ადიგენში, 8 მარტს რელიგიურ თემებს შორის დაპირისპირების საკითხს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებით გამოეხმაურა. ორგანიზაცია სახელმწიფო და რელიგიურ ინსტიტუტებს რეაგირებისკენ და მომხდარი ფაქტების საფუძვლიანად შესწავლისკენ მოუწოდებს.

,,2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მიუახლოვდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობას და შენობის დატოვება მოითხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც პარასკევის ლოცვას (ჯუმას) აღავლენდა. ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე მიუახლოვდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლს და პოლიციის კორდონის მიუხედავად შიგნით შეჭრას ცდილობდა.

ის ძალადობრივი მუქარით და შეურაცხოფელი ენით მიმართავდა მერაბ (იუსუფ) მიქელაძეს: “გამოეთრიე გარეთ შე [გინება]”, “გაგიხევ სახეს შე [გინება]”, “დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.” მღვდელი ასევე უთითებდა: “ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება” და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: “ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის,” “ქრისტიანების იქნება.” აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს მედია საშუალებების და კერძო პირების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალაც. პოლიციამ ადგილობრივ მედიას შენობასთან მიახლოვების და მომხდარის ახლოდან გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს.

ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის განცხადებით, აღნიშნული შენობა არ არის მეჩეთი, ის კანონის დარღვევით ფუნქციონირებს და ორშაბათიდან დაიკეტება. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით კი, ეს შენობა არ ეკუთვნის სამმართველოს და ამ ადგილას არც მეჩეთის გახსნაა დაგეგმილი.

მოგვიანებით მომხდარს კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია. საქართველოს საპატრიარქოს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია"
- ნათქვამია განცხადებაში.


ორგანიზაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ადიგენში განვითარებულ პროცესებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტები დროულ გამოძიებას და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს. ,,სწორედ დაუსჯელობის კლიმატი წარმოშობს განგრძობადი ძალადობის ახალ ინციდენტებს, რომელიც არღვევს სოციალურ მშვიდობას და შეჭიდულობას ჩვენს საზოგადოებაში.

სახელმწიფოს არ გაუტარებია თანასწორობის პოზიტიური პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენასა და კავშირების შენებას შეუწყობდა ხელს და მეორეს მხრივ, არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიურ და თანასწორ გარემოს შექმნიდა"
- მიიჩნევენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

| Print |