რელიგია
ორივე მხარე გამოთქვამს მზაობას, რომ წავიდეს დათმობებზე - ბესიკ ამირანაშვილი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაბა ადიგენში 8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მხარეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ადიგენში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე საჭიროებები განიხილეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის გარკვეული უთანხმოების საგანს დაბა ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლის საკუთრებაში არსებული შენობა წარმოადგენდა. შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ვითარების დეესკალაციის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძო მესაკუთრის სახლში პარასკევის ლოცვა აღარ გაიმართება, ამასთან შეწყდება საპროტესტო აქციებიც.

შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ თემას ერთი კვირის თავზე კვლავ დაუბრუნდებიან და საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
| Print |