წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლის ჩამოტანა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით მოხდება.
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.