სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი "სურბ სარქისის" დასრულებას ზეიმობს.
სომეხი ერი დღესასწაულს წმინდა სარქისს უკავშირებს, რომელიც ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა.
წმინდანი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. საეკლესიო ცნობებით, იგი ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა.
ტრადიციად ქცეულ დღესასწაულს სომეხი ეროვნების ხალხი, უკვე ათეულობით წელია აღნიშნავს. ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მომავალ მეუღლეს ნახავს.
ფქვილის, ბევრი მარილისა და წყლისგან მომზადებულ ცომს, ახალგაზრდები პატარა ნაწილებად ყოფენ, წრიულ ფორმას აძლევენ და გამოსაცხობად ამზადებენ. გამომცხვარი მარილიანი კვერები მრევლს ეკლესიაში, საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ კი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს.
ოფიციალური ინფორმაციით ტრადიციას საფუძველი სომეხთა გაქრისტიანებამდე ჩაეყარა.
სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი დღესასწაულს ყოველთვის თებერვლის თვეში აღნიშნავს. წელს "სურბ სარქისი" 5 თებერვალს დაიწყო და 11 თებერვალს დასრულდება.