რელიგია
15 თებერვალს მართლმადიდებლები მირქმის დღესასწაულს აღინიშნავენ
15 თებერვალს ქრისტიანული ეკლესია მირქმის საუფლო დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.

გადმოცემის თანახმად, ყრმა იესო სვიმეონ მიმრქმელმა გულში ჩაიკრა, რამეთუ მას ჩვენება ჰქონდა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ მაცხოვარს არ იხილავდა.

მირქმა, იგივე მიგებება, ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი უძველესი დღესასწაულია, თუმცა მეექვსე საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს იმპერატორ იუსტინიანეს დროს, ანტიოქიაში საშინელი მიწისძვრა მოხდა. ერთ უბედურებას მეორეც დაერთო და ქვეყანაში შავი ჭირი გავრცელდა, რის შედეგადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იხოცებოდა. განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა.

ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ეკლესიის განჩინების საფუძველზე, მირქმა საზეიმოდ 544 წლიდან აღინიშნება.


| Print |