მეუფე თეოდორე: "მაცხოვარმა ჯვარცმითა და შემდეგ აღდგომით, შეარიგა ადამიანი ღმერთთან"
17:52 / 16.04.2017
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. სადღესასწაულო ლიტურგია რაბათის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაუკითხა. ეპისტოლეში ყურადღება გამახვლებულია ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოებაზე, თუ რამდენად დიდ ცოდვაა ეკლესიაში მწვალებლობისა ან განხეთქილების შეტანა. ასევე უპატიებელ ცოდვად ახასიათებს ილია მეორე სასოწარკვეთასა და სიცოცხლის თვითმკველობით დასრულებას. საქართველოს პატრიარქი გამოსავალს საკუთარი ტვირთის სხვისთვის გაზიარებასა და გაუცხოების დაძლევაში ხედავს. ილია მეორე ყურადღებას სინანულზეც ამახვილებს და მაგალითად ორი ავაზაკის ამბავი მოჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთმა გულწრფელი სინანულით სამოთხე დაიმსახურა, მეორემ კი უტიფრობითა და უგულისხმობით, - ჯოჯოხეთი.
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
ამ დღეს უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის კარი. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე, ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.