რელიგია
ქართველი ერის მფარველად დადგენილი წმინდანის დღე ახალციხეში
ქრისტიანულმა სამყარომ 6 მაისს გიორგობა იზეიმა. მორწმუნეებმა დღესასწაული ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნეს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, წირვა მამა გიორგიმ აღავლინა. მან მრევლს წმინდანის აღსრულების დღე მიულოცა. ქადაგებისას მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა.

რაბათის შემდეგ, მრევლმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაინაცვლა, სადაც მამა გიორგიმ წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

იგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა.

წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

| Print |