რელიგია
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ანდრია პირველწოდებულის გზაზე
აწყურის ღვთისმშობლის ხატი წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზას გადის. სიწმინდე საქართველოში თურქეთიდან შემოაბრძანეს. აჭარის შემდეგ ხატის მოლოცვა ახალციხელებს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში შეეძლოთ, სადაც სიწმინდე ერთი ღამის განმავლობაში დარჩა.

დღეს, 13 მაისს, დილით ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც საზეიმო წირვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი სასულიერო პირებმა იერუსალიმში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებზე წააბრძანეს. შემდეგ კი იტალიის ქალაქი მალფი მოილოცეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ბორჯომისა და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მომლოცველები სვეტიცხოველში მიეგებებიან. 17 მაისს კი სიწმინდეს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.

აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, "რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა" საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, "დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების".

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამ დროისთვის დაკარგულია. მისი ყველაზე ძველი ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

| Print |