რელიგია
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში დღესასწაული მერვედ აღინიშნა
ქრისტიანულმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა. ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ტაძრის წინამძღვართან ერთად აღასრულა.

ამ ეკლესიაში ადგილობრივმა მრევლმა ამაღლება მერვედ იზეიმა. რვა წლის წინ ტაძარი დღესასწაულზე მეუფე თეოდორემ აკურთხა. მას შემდეგ, ყოველ ამაღლებას, ეკლესიაში საზეიმო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი აღავლენს.

ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ადგილობრივი მკვიდრი ომარ ჯაყელია. მან ეკლესიის მშენებლობა შვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე გადაწყვიტა.

წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.



| Print |