რელიგია
ვალის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში მდებარე ირქას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ეკლესია აგებულია სპეციალურად გაკეთებულ ბაქანზე, რომლის კიდეს ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი შემოუყვება. ტაძარი დარბაზულია (8.3×5.67 მ) ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო, თაღოვანი სარკმელია. ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. მის მარჯვნივ ფართო და ღრმა თაღოვანი ნიშაა, მარცხნივ კი შედარებით მომცრო და ოთხკუთხა. ამ ნიშის თავზე კიდევ უფრო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზისგან გამოყოფილია ფართო პილასტრებით და მასზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღით. ასეთივე თითო პილასტრია გრძივი კედლების შუაშიც, რომლებიდანაც კამარის საბჯენი თაღი გადადიოდა. თითო პილასტრი თავისი თაღით დასავლეთის კედლის კიდეებშიცაა გაკეთებული. პილასტრებს შორის თითო დეკორატიული თაღია გაკეთებული.

ტაძარს საპერანგე წყობა თითქმის არ შემორჩა. გამონაკლისია ჩრდილოეთის კედელი, რომლის ზედა რიგის პერანგია შემორჩენილი და აღმოსავლეთის კედელი. მის შუაში სარკმელს ზემოდან გამოსახული ყოფილა რელიეფური და ორნამენტით შემკული ჯვარი. ამჟამად მისი მკლავია შემორჩენილი. ტაძრის კედლები რელიეფური ქვის თაროსებრი ლავგარდნით სრულდება.

ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ესაა XIII ს. დამახასიათებელი დარბაზული ტიპის ეკლესია მაღალი კონსტრუქციებით, რომელშიც კარგადაა შერწყმული ამ ეპოქის საქართველოს არქიტექტურულ სტილში გაბატონებული ცალკეული ელემენტები და ორნამენტები, რომლებიც შემდეგ სამცხის საათაბაგოს არქიტექტურაში აგრძელებს არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტაძარი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას.
| Print |