საპატრიარქო: ,,საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა"
მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი
სერიოზული პროვოკაციისა, - ამის შესახებ საქართველოს საპარტიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
მზად ვართ, თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხლოთ საკითხები საჯარო სივრცეში, – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს საპატრიარქო რუსთაველზე შეკრებილ აქციების მონაწილეებს.
საპატრიარქოს პოზიცია მედიის წარმომადგენლებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.
„საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის სახელით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ჩვენს შვილებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციების მონაწილეებს, გთხოვთ დაიშალოთ, რათა უნებურად არ გახდეთ ძალადობისა და ვითარების ესკალაციის მიზეზი. თქვენს მიერ განხორციელებული ეს ქმედება არა თქვენი პოზიციის უარყოფა იქნება, არამედ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხლოთ საკითხები საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა, თუმცა, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ.
„ჩვენი მოქალაქეები შეძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, - ნათქვამია განცხადებაში.