სამართალი
„პოლიციელი მძღოლი ნასვამი არ ყოფილა“ - ვარხნის დეპუტატი
ავარიის დროს დაშავებული ოჯახის ბრალდებას, რომ მანქანას ნასვამი პოლიციელი მართავდა, მეორე მხარე უარყოფს. ავტომობილში შსს-ს თანამშრომელთან ერთად, სოფელ ვარხნის დეპუტატი იჯდა.
„ბენარაში ბენზინგასამართ სადგურში საწვავი ჩავასხით, გავედით გრუნტიანი გზიდან და 10 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, მანქანა ზემოდან რომ შემოგვასკდა. აბასთუმნიდან ახალციხის მიმართულებით მოდიოდა. ჩვენ იმის გზაზე არ გადავსულვართ. ჩვენი მძღოლი ნასვამი არ ყოფილა. საფლავზე შეიძლება დალია კიდეც, მაგრამ ჩემი თვალით არ მინახავს“, - შემთხვევას იხსენებს ვარხნის დეპუტატი.
ტარიელ მსხვილიძე ამბობს, რომ მასსა და პოლიციის თანამშრომელს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებიათ, როგორც ამას მეორე მხარე ამტკიცებს.
„პირადად ჩვენ ჩავსვით მანქანაში, ჩვენ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, მომსწრეები დაადასტურებენ. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავით პოლიციაში, გვიან გამოგვიშვეს და ამიტომ იმ ღამეს ოჯახის წევრებს ვერ დავუკავშირდით. როგორც კი საშუალება მოგვეცა, მაშინვე წავედით დაშავებულების სანახავად“,- ამბობს ტარიელ მსხვილიძე.
ავარია 29 აპრილს, სოფელ ბენარასთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 07-ში მსხდომი ერთი ოჯახის ხუთი წევრი დაშავდა. "მერსედესს" პოლიციელი მართავდა.
დაშავებულების ოჯახის წევრის თქმით, ავარიის შემდეგ ნასვამი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
გააზიარეთ :