სამართალი
წაღვერთან მომხდარ მკვლელობაზე სამი პირი დააკავეს
შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ.მ. 2000 წელს დაბადებული შ.ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავა.

12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დადგინდა და სამივე მათგანი მალევე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |