სამართალი
შსს დეპუტატის შვილს ბრალს ძარცვაში სდებს

 

59 წლის მამაკაცის მკვლელობისა და ბენზინგასამართი სადგურის ძარცვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი დააკავა. აქედან ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საკრებულოს წევრის შვილია.

 

ის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობით და მუქარით ჩადენილ ძარცვაში არის ბრალდებული.

ოჯახმა ადვოკატი უკვე აიყვანა. დეპუტატის თქმით, მისი შვილი აღიარებს დანაშაულს.

„ძარცვლის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, თავს დამნაშავედ სცნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია, სხვა ბუნების ადამიანია, არასდროს ყოფილა შეჩნეული მსგავს რამეში“, - გვითხრა საკრებულოს წევრმა.

„სამივე ერთ სოფელში ცხოვრობს, წყნარი ბიჭები არიან. დეპუტატის შვილი სკოლაში სწავლობს, ცოტა მეტიჩარა ბავშვია, მაგრამ არაფერი დაშავებია აქამდე“, - ამბობს დაკავებულების მეზობელი. 

შენმთხვევა 12 ივნისს, გამთენიისას, ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამივე პირმა გარდაცვლილს ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბენზინგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |