სამართალი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი ქალი დაშავდა

 

ახალციხე-ვალეს გზაზე, მეორე შახტას გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

"შევროლეს" მარკის ავტომობილის, რომელიც რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა, სომხეთის მოქალაქე მართავდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. 

შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი მათგანი კლინიკა "იმედში" შეიყვანა. იგი 30 წლამდე ასაკის, სომხეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს.

"რენტგენს უღებენ და ეხოსკოპიას აკეთებენ. კვლევები ტარდება და ზუსტ მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ გეტყვით", - გვითხრა კლინიკის წარმომადგენელმა მზია კაკოშვილმა.

მეორე დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

"ქალის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კვლევები და რა გამოვლინდება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. თავის არეში და კიდურებზე არის ტრავმა", - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

| Print |