სამართალი
ახალციხეში სომხური ეკლესია გაქურდეს

 

ქალაქ ახალციხეში, რაბათის უბანში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძრიდან, გასაყიდი ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს.

ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების სულიერი მოძღვრის, ბერი ჰაკობ სააკიანის თქმით, შესაწირი ყუთიდან 200 ლარამდე თანხაა წაღებული. მოპარულია ხატები და ჯვრები, რომლებიც ეკლესიაში გასაყიდად ელაგა.



"დილით მესანთლე რომ მოვიდა შეამჩნია, რომ ფანჯრიდან იყვნენ გადასულები. სავარაუდოდ, ღამე მოხდა. მღვდელმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ველოდებით პასუხს", - ამბობენ ეკლესიაში. მრევლის თქმით, ტაძრის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევაა.

შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელსაც ბრალს წაუყენებენ.
| Print |