სამართალი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისსა და რეგიონებში პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება დაიწყეს. შეხვედრები, ეტაპობრივად, თბილისსა და ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება.

დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია.

გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.
| Print |