სამართალი
პოლიციამ 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
თეგები: შსს / ექსტაზი /