,,ჯგუფი მხოლოდ კაცებისთვის", ,,ფარვანას" ვებ-გვერდი მეორედ დაჰაკეს
დღეს, 2 ნოემბერს, ნინოწმინდის ტელეკომპანია ,,ფარვანას" ვებ-გვერდზე კიბერშეტევა კვლავ განხორციელდა. პირველად, parvana.ge 28 ოქტომბერს დაჰაკეს.
ამ წუთებში გვერდზე წარწერა "ჯგუფი მხოლოდ კაცებისთვის" სჩანს.
,,მეორედ დაგვიჰაკეს ჩვენი ვებ-გვერდი. ამ წუთებში, ვცდილობთ ვითარების გამოსწორებას, რომ მუშაობის გაგრძელება შევძლოთ",- ამბობს ფარვანას ხელმძღვანელი კონსტანტინე ვარდანიანი.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაზე, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.
გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანდა.
ახალციხეში კიბერშეტევა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის", ,,სამხრეთის კარიბჭის", ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო jnews.ge, "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრისა" და "parvana.ge-ს" ვებგვერდებზეც განხორციელდა.