სამართალი
„გლეხებს მიწას ნუ წაართმევთ“ - ადიგენის მუსლიმი მოსახლეობის და საპატრიარქოს დავა
დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სხდომა შეკითხვებით დაიწყო. მოსარჩელე მხარე სახელმწიფო უწყებებისგან დაინტერესდა, მიწის რეგისტრაციამდე მოხდა თუ არა სრულყოფილი გამოკვლევა, თუ ვის სარგებლობაში იყო ტერიტორია. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ სადავო ნაკვეთი მობილურმა ჯგუფმა შეისწავლა და ადგილზე მისი დამუშავების ან გამოყენების ნიშნები არ შეიმჩნეოდა.

საქმე ეხება ნასოფლარ ქვაბიჯვარში შვიდ ჰექტრამდე ტერიტორიას, რომლითაც, როგორც მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, თავად სარგებლობდნენ, გასულ წელს კი საპატრიარქომ დაირეგისტრირა. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ 2018 წლის სექტემბერში შეიტყვეს, როცა საპატრიარქომ დარეგისტრირებული ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო.

მოსარჩელეები სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.

ოთხ ნოემბერს გამართულ სხდომაზე მერის წარმომადგენელი დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულში ნოდარ გორგაძე, თემის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ნოდარ გობაძე და ორი ადგილობრივი მოსახლე დაიკითხა. ოთხივე მოწმემ მოსამართლეს განუცხადა, რომ სადაო ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობაზე მიწის რეფორმის დროს იყო გადანაწილებული.

„ვესაუბრე ადიგენის მერსაც და საკრებულოს თავმჯდომარესაც. მითხრეს, რომ საქმის კურსში არ იყვნენ, მაგრამ გავარკვევთ და ყველაფერი მოგვარდებაო. ზაქარია ენდელაძემ (ადიგენის მერი) ვიღაცასთან დარეკა და მითხრა, რომ ტერიტორიის შეღობვას შეაჩერებენ და ხალხი დაამშვიდეო. ამის შემდეგ ბევრი მცდელობა მქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც, გუბერნატორთანაც, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გია კოპაძე ადგილზე ავიყვანე. ყველა აღშფოთებული დარჩა, ასე როგორ შეიძლებაო, ხალხი ცოდოაო, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და ვერ დაგეხმარებითო“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მოსარჩელის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადვოკატებმა სხდომაზე ორი შუამდგომლობა დააყენეს. მოსარჩელე მხარემ თავდაპირველად მოსახლეობის ტერიტორიის საზღვრების დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, შემდეგ კი მიწის სადავო ნაკვეთზე სასამართლოს გასვლა. მოსამართლე გია ბერაიამ არც ერთი დააკმაყოფილა.

შემდეგი სხდომა 11 ნოემბერს გაიმართება. მხარეები საპაექტო სიტყვას წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ამავე თემაზე:

მხარეებს შორის დაწყებულმა დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

| Print |