სამართალი
ახალქალაქში მანქანა ქვეითს დაეჯახა

 

ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელთან, მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებები თავისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. 

ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა განიხილება მისი თბილისში ან ერევანში გადაყვანა.

შემთხვევა 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქვეითი გზაზე გადასვლას აპირებდა, თუმცა მანქანის დანახვისას შეჩერდა, სვლა შეანელა მანქანამაც, შემდეგ კი მოძრაობა ორივემ ერთდროულად დაიწყო.

ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

| Print |