სამართალი
ნომრის ამომცნობი კამერები, რადარები და კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის"
საქართველოში, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.2%-ით არის შემცირებული - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ეფექტურად ჩატარებაა.

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში 78 ე.წ. „ჭკვიანი კამერაა“ დამონტაჟებული, აქედან ნაწილი ზოგადი ხედვის, ნაწილი კი ნომრის ამომცნობია. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ავტომატურად, ნომრის ამომცნობი კამერები აფიქსირებენ. უწყებაში ამბობენ, რომ „ჭკვიანი კამერების“ მონტაჟი იმ მონაკვეთებზე ხდება, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

ახალციხეში ზოგადი ხედვის 49 კამერაა დამონტაჟებული, აქედან ხუთი ნომრის ამომცნობია. კამერები განთავსებულია: რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩების კვეთა, თამარაშვილის ქუჩა, ახალციხის შემოსასვლელში, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური, ახალციხე-ადიგენის გზაზე რკინიგზის გადასასვლელი, ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინგასამართ სადგურ „ფრეგოს“ მიმდებარედ.

გარდა ამისა, ოთხი კამერა ბორჯომში, ორი კი წაღვერის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული. მათი რიცხვი მომავალ წელს გაიზრდება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო. სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება ინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, აქტივობები გათვალისწინებულია რეგიონებშიც.

პარალელურად, გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს. დეპუტატები მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანასა და მოპედების რეგისტრაციაზე იმსჯელებენ.

| Print |