სამართალი
სოფელ ვარხანში, სახლში, მამაკაცი ჩაიწვა
ადიგენის სოფელ ვარხანში რ.მ.-ს სახლში გაჩენილ ხანძარს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი ადიგენის მუნიციპალიტეტში, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა. ,,პატარა ფიცრული სახლი ჰქონდა, ცეცხლი ალბათ სიგარეტის ნამწვით გაჩნდა. უცებ აალდა, დენიც არ ჰქონია სახლში. უწყინარი, კარგი ადამიანი იყო. 
კარგი ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ არ ჩერდებოდა მათთან. აბასთუმანში წაიყვანდა შვილი და მაინც ვარხანში ბრუნდებოდა,"
- ამბობენ სოფელში.

შემთხვევის ადგილზე ადიგენის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 187 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.



| Print |